გადავარჩინოთ დედა–ენა

პატივცემულო საზოგადოებავ! ჩვენ, ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებს გვსურს თქვენი ყურადღება მივაპყროთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს. მადლობელნი დაგრჩებით, თუ თქვენი ძვირფასი დროის ნაწილს ჩვენ დაგვითმობთ.

რა არის ენა? – ენა ეს არის ადამიანების ურთიერთობის ძირითადი და ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება. კაცობრიობის არსებობის განმავლობაში არსებობდა უამრავი ენა, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც გამოიყენება, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო კონკურენციას და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა – დღეს კი მათ შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან.

ქართული ენა ერთ–ერთი უძველესია დღეს არსებულ ენებს შორის. ამ უმშვენიერეს ენაზე თავის დროზე დაიწერა ისეთი შედევრები, როგორებიცაა  „ვეფხისტყაოსანი“, „ამირან დარეჯანიანი“, „შუშანიკის წამება“ , „დიდოსტატის მარჯვენა“ და კოტე ყუბანეიშვილის უკვდავი პოეზია. დღეს კი ეს უძვირფასესი განძი საფრთხის წინაშეა!! ჩვენს მშობლიურ ენას საფრთხე ემუქრება და ამის უმთავრესი მიზეზია საზღვარგარეთიდან მზაკვრულად შემოტყუებული ენები, რომლებიც გაცილებით მარტივებია, ვიდრე მრავალსაუკუნოვანი ქართული ენა. ამის გამო აღნიშნული ენები თანდათან პოპულარული ხდება, რაც ამავდროულად იწვევს მშობლიური ენის მნიშვნელობის დაკნინებას. ამიტომ ჩვენ, ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარებმა გადავწყვიტეთ ვიზრუნოთ ქართული ენის გადარჩენაზე. დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ გადასარჩენად საჭიროა, ქართული ენა გახდეს კონკურენტუნარიანი, ანუ ის უნდა გახდეს ისეთივე მარტივი, როგორებიც მისი კონკურენტები არიან.  ამისთვის საჭიროა ქართული ენის რეფორმა და რიგი ხავსმოდებული წესებისა თუ ნორმების გაუქმება.

შემოგვიერთდით!

ერთად გადავარჩინოთ ქართული ენა!

დატოვე კომენტარი